суббота, 29 мая 2010 г.

პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები - დიმიტრი უზნაძე – Dimitri Uznadze (1886 – 1950 წწ.)


1. როგორია პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლები? უდაოა, რომ ყოველი სუბიექტი, რომელიც ურთიერთობაში იმყოფება გარემოსთან, უწინარეს ყოვლისა, ორგანიზმს წარმოადგენს. მაგრამ მარტო ეს გარემოება ყოველთვის როდი ამოსწურავს მის არსს: ადამიანი, როგორც აქტიური სუბიექტი, განსაკუთრებით როგორც პიროვნება, მარტო ბიოლოგიურ ინდივიდს, მარტო ორგანიზმს, როდი შეადენს. იგი პირველ რიგში და განსაკუთრებით სოციალური არსებაცაა. მაგრამ სოციალურ არსებად, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმს შეუძლია გადაიქცეს, და იმისთვის. რომ პიროვნების არსი გაიგო, პირველ რიგში მისი ბიოლოგიური საფუძვლის, მისი ორგანიზმის ბუნება უნდა გაითვალისწინო.
რას წარმოადგენს ადამიანი, როგორც ბიოლოგიური არსება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, როგორც ბუნების მოვლენა? ამ საკითხის სპეციალური შესწავლა ბიოლოგიურ მეცნიერებათა საქმეა, კერძოდ, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის.
ამიტომ ბუნებრივად იბადება საკითხი: არის თუ არა საჭირო, ფსიქოლოგია საგანგებოდ შეჩერდეს, პიროვნების შესწავლის დროს, მისი ბიოლოგიური საფუძვლების სისტემატურ გათვალისწინებაზე?
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა-ძიება ამ სფეროში ბიოლოგიურ მეცნიერებათა ამოცანას წარმოადგენს, ეს საკითხი მაინც დადებითად უნდა გადაიჭრას. მართალია, ყველა ცნობა ადამიანის, როგორც ბილოგიური ინდივიდის, როგორც ორგანიზმის შესახებ, ბიოლოგიურ მეცნიერებათ მოეპოვება.
მაშასადამე, ფსიქოლოგიის ფარგლებში მათი გადატანა და განმეორება საჭირო არ უნდა იყოს. მაგრამ რამდენადაც სპეციალურად პიროვნების ბიოლოგიური საფუძვლების საკითხი ამ მეცნიერებათ არ აინტერესებს, მათ სათანადო მასალა სათანადოდ შერჩეული და სისტემატურად დალაგებული ვერ ექნებაო. მაშასადამე, ფსიქოლოგია იძულებული ხდება ბიოლოგიურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებში გაბნეული, მისი თვალსაზრისით საინტერესო მასალა შეაგროვოს, თავისი პრობლემატიკის ასპექტით შეაფასოს, შეარჩიოს და ბოლოს თავისი მიზნების შესატყვისად სისტემატურად დაალაგოს.
ამრიგად, ორგანიზმი, როგორც მთლიანობა, აი ბიოლოგიური პრობლემა, რომელიც ფსიქოლოგიას მთლიანი პიროვნების პრობლემასთან დაკავშირებით აინტერესებს.
თუ მეცხრამეტე საუკუნის ბიოლოგიურ მეცნიერებათ განსაკუთრებული ინტერესის საგნად უჯრედი მიაჩნდათ, როგორც ძირითადი მასალა, რომლიდანაც ცოცხალი ორგანიზმია აგებული, ხოლო უკანასკნელი, როგორც მთლიანობა, ყურადღების გარეშე რჩებოდათ, დღეს მდგომარეობა შეცვლილია: ორგანიზმის, როგორც მთლიანობის, პრობლემა სულ უფრო და უფრო წინა რიგებში დგება და უფრო და უფრო ნაყოფიერი შესწავლის საგნად იქცევა. დღევანდელ მეცნიერებაში მთლიანი ორგანიზმის პრობლემა სხვადასხვა მიმართულებით მუშავდება, განსაკუთრებით სხეულის კონსტიტუციის შინა სეკრეციისა და, დასასრულ, ნერვული სისტემის შესწავლის მიმართულებით. კონსტიტუციის მოძღვრება ჯერ კიდევ ჰიპოკრატის მიერ (5 საუკ. ჩ. წელთაღრიცხვამდე) იყო აღნიშნული, რომ ორგანიზმი, როგორც მთლიანი მოქმედებს, რომ ავადმყოფობის სახე და მიმდინარეობა ამ მთლიანზეა დამოკიდებული.
დღეს უკვე უდაოდ ითვლება, რომ ტუბერკულოზის ბაცილამ შეიძლბა ერთს ორგანიზმში ტუბერკულოზი გამოიწვიოს, ხოლო მეორისთვის სრულიად უვნებელი აღმოჩნდეს. ყვავილის შრატმა შეიძლება ერთში მძლავრი ანთებადი პროცესი და მაღალი ტემპერატურა გამოიწვიოს, ხოლო მეორეზე არავითარი გავლენა არ მოახდინოს. უეჭველია, ორივე ამ შემთხვევაში ერთიდაიგივე გარემიზეზი რომ ეგოდენ განსხვავებულ შედეგებს იძლევა, ეს მთლიანი ორგანიზმის განსხვავებულობის ბრალი უნდა იყოს: ერთიდაიმავე ნაწილის ერთიდაიმავე ინტენსიობით დაზიანება სხვადასხვა ორგანიზმში სხვადასხვა ეფექტს იძლევა, ერთსადაიმავე გამღიზიანებელს სხვადასხვა ორგანიზმი სხვადასხვანაირად უპასუხებს.
ორგანიზმის, როგორც მთელის, ანატომიურ, ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და ევოლუციურ თავისებურებათა ერთობლიობას, რომელიც მისი რეაქციების ასეთს სპეციფიკურ რაგვარობას განსაზღვრავს, ჩვეულებრივ, კონსტიტუციას უწოდებენ. სხვადასხვა ორგანიზმი რომ თავისი ერთიდაიმავე ნაწილის გაღიზიანებას სხვადასხვანაირად უპასუხებს, ეს, მაშასადამე, თითოეული მათგანის კონსტიტუციით აიხსნება. კონსტიტუცია ამისდა მიხედვით ფუნქციონალური ცნებაა: იგი ორგანიზმის იმ სასიცოცხლო პროცესების ასახსნელად არის შემოღებული, რომელთა გაგებაც მისი ცალკეული ნაწილების გათვალისწინების ნიადაგზე შეუძლებელი იქნებოდა.
მაგრამ მთლიანი ორგანიზმის ამ ფუნქციონალურ თავისებურებას მორფოლოგიური საფუძვლები აქვს, და კონსტიტუცია სხეულის აღნაგობის სპეციფიკურ მთლიანობაშიც იჩენს თავს. ყოველი ორგანიზმი თავისი მასალის მხრივ ერთნაირია: ადამიანის სხეულის ანატომია სრულ სურათს იძლევა იმისას, თუ რა და რა ნაწილებისგან შესდგება იგი. მაგრამ ყოველს კერძო შემთხვევაში ამ ნაწილების ურთიერთმიმართება ერთნაირი არაა, და, შესაძლოა, სხეულის, როგორც მთლიანის, თავისებურება სწორედ ამ ნიადაგზე იყოს აღმოცენებული. მაგალითად, შესაძლებელია, ყოველი ცალკე ორგანიზმი იმით განსხვავდებოდეს მეორისგან, რომ ან მისი ძირითადი მასალა, უჯრედები, იმყოფებოდნენ განსხვავებულს ურთიერთმიმართებაში, ან მისი ცალკე ორგანოები და ორგანოთა სისტემები _ ნერვული სისტემა, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის სისტემა, სქესობრივი სისტემა და სხვა; რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ორგანიზმის, როგორც მთელის, მორფოლოგიური სტრუქტურა სხვადასხვაგვარი იქნება და, საკვირველი არაა, რომ ამის კვალობაზე მისი ფუნქციონალური მხარეც შესატყვისად იყოს შეცვლილი: განსხვავებულად აგებული სომატური მთლიანი, რასაკვირველია, განსხვავებულ რეაქციებს მოგვცემს. აქედან ნათელია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ორგანიზმის მორფოლოგიური კონსტიტუციის შესწავლას. ეს მნიშვნელობა მით უფრო უდაოა, რომ არსად ისე ნათლად არ ჩანს ორგანიზმის, როგორც მთლიანობის, თავისებურება, როგორც სხეულის აღნაგობაში. აქ იგი უკვე გარეგნობაში, მის ე. წ. ჰაბისტუში იჩენს თავს და იმდენად მკაფიო გამოხატულებას პოულობს, რომ სხეულის მორფოლოგიური კონსტიტუციის ზოგიერთი ძირითადი სახესხვაობა ჯერ კიდევ უძველეს ხანაში, მაგალითად, ეგვიპტეში, ესე იგი, რამოდენიმე ათასი წლის წინათ, იყო შენიშნული.
ყველაზე უფრო გავრცელებულად _ განსაკუთრებით ფსიქოლოგთა შორის _ კრეჩმვრის მიერ შემოღებული კონსტიტუციონალური ტიპები უნდა ჩაითვალონ, რომელთა საფუძვლადაც სწორედ ჰაბიტუსის თავისებურებაა გამოყენებული.
კრეჩმერი კონსტიტუციის სამს ტიპს განასხვავებს: 1) პიკნიკურს, 2) ასთენიკურსა და 3) ათლეტურ ტიპს.
როგორია ეს ტიპები? ფსიქოლოგიურად განსაკუთრებით საინტერესოა თავისა და სახის აღნაგობა.
მათი საერთო შეხედულება და გამომეტყველება ხშირად ბევრს იძლევა ადამიანის პიროვნების დასახასიათებლად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე აქ მთელს ეხება, და მარტო თავისა და სახის მოყვანილობის თავისებურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს: მორფოლოგიური კონსტიტუციის აღწერისას მთელი ორგანიზმი უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში.
კრემჩერის აღწერის თანახმად, პიკნიკური კონსტიტუციის ჰაბიტუსი ასეთია: თვალში გეცემა, უპირველეს ყოვლისა, ფართო, რბილი, მრგვალი სახე, რომელიც თავის ქალას მოყვანილობასაც უფარდდება. პიკნიკის თავის ქალა დიდია, მრგვალი და ღრმა. კისერი მოკლეა და მუცელი საკმაოდ მოზრდილი. სიმსუქნისადმი ტენდენცია და სხეულის შინა ღრუების (მუცლის, მკერდისა და თავის) მძლავრი განვითარება _ დაბალ სიმაღლესთან ერთად _ პიკნიკის ჰაბიტუსის დამახასიათებელ ნიშნებად ითვლება.
ასთენიკური კონსტიტუციის ჰაბიტუსი სულ სხვაგვარია: გამხდარი და ფერმკრთალი, მკვეთრად მოხაზული, მოგრძო და ვიწრო სახე, რომელიც კვერცხის ფორმის შთაბეჭდილებას სტოვებს. წვრილი გამხდარი სხეული, რომელსაც გადაკრული აქვს სისხლნაკლული კანი. ვიწრო მხარბეჭი და წვრილი კიდურები, სუსტად განვითარებული კუნთებით, ჩავარდნილი გულმკერდი და შეწეული მუცელი _ ყველაფერი ეს საკმაოდ კარგად განასხვავებს ასთენიკს პიკნიკისგან.
ათლეტური კონსტიტუციის ჰაბიტუსი ასეთია. მძლავრი თავი, რომელიც სწორად დგას მაღალსა და მაგარ კისერზე; სახე მკვეთრი ძვლოვანი რელიეფით; ფართო მხარბეჭი და ფართო გულმკერდი; მკვეთრად გამოკვეთილი კუნთები მთელს ტანზე, განსაკუთრებით კი კიდურებზე. ერთი სიტყვით, ჩონჩხის, კუნთური აპარატისა და კანის მძლავრი განვითარება, აი ის ძირითადი თავისებურება, რომელიც ათლეტური კონსტიტუციის სპეციფიკურ ჰაბიტუსს ახასიათებს.
ლიტერატურაში კონსტიტუციის სხვაგვარი ტიპოლოგიაცაა ცნობილი (მაგალითად, სიგოსი, ბენეკესი და სხვების). მაგრამ აქ მათ განხილვაზე არ შევჩერდებით: აქ ჩვენ მხოლოდ იმდენად გვაინტერესებს კონსტიტუციის საკითხი, რამდენადაც იგი ორგანიზმის, როგოც მთლიანის, მოქმედების ფაქტს გვითვალისწინებს.
უფრო საინტერესოა საკითხი, თუ ორგანიზმის რა ნიშნებია, რომ მის ფუნქციონალურ თავისებურებას, მის კონსტიტუციას ქმნის. ავტორების ერთი რიგი კონსტიტუციონალურად ორგანიზმის მხოლოდ მემკვიდრეობით განმტკიცებულ თვისებებს, ე. წ. გენოტიპს სთვლიან. ამ შეხედულების მიხედვით, ორგანიზმის, როგორც მთლიანის, მოქმედება იმთავითვე ფატალურადაა განსაზღვრული, და მისი შეცვლა არავითარს გარეპირობას არ შეუძლია. `კონსტიტუცია ორგანიზმის სომატური ფატუმია~-ო, ამბობს ტანდლერი. ეს შეხედულება მიუღებელია: იგი ადვილად შეიძლება ექსპლოატატორული წესწყობილების გასამართლებლად იქნეს გამოყენებული. თანამედროვე ბურჟუაზიული `მეცნიერები~ (გიუნტერი, პენდე), მაგალითად, საზოგადოების გაბატონებულსა და დაბეჩავებულ კლასებადა და ერებად დანაწილების გარდუვალობას გენოტიპურად განსაზღვრულის, უცვლელი კონსტიტუციის იდეით ასაბუთებენ. კონსტიტუციის გაგების, როგორც გენოტიპის, მცდარობა ნათელია: თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კონსტიტუციის ცნება ორგანიზმის, როგორც მთლიანის, მოქმედების თავისებურებათა გასაგებადაა შემოღებული. რა საბუთი გვაქვს მაშინ ვიფიქროთ, რომ ორგანიზმის მთლიანობას მარტო მისი ნაწილობრივი _ გენოტიპურად განმტკიცებული თვისებები განსაზღვრავენ. შეძენილი თვისებები ორგანიზმს ნაკლები არა აქვს, და თუ მთლიანის მოქმედების თავისებურებაზეა ლაპარაკი, უეჭველია, მათი გამორიცხვა სრულიად დაუსაბუთებელი იქნებოდა. ამიტომ უფრო მართებულად იმ მეცნიერთა აზრი უნდა ჩაითვალოს, რომელთა მიხედვითაც კონსტიტუციას ორგანიზმის, თვისებათა ერთობლიობა(ფენოტიპი) განსაზღვრავს, რამდენადაც იგი ინდივიდის თავისებურებას ახასიათებს.
ამ მთლიანი, ფენოტიპური, კონსტიტუციის ანალიზისას ყოველთვის იქნება შესაძლებლობა, ერთის მხრივ, მემკვიდრეობითი ფაქტორებით განსაზღვრული კომპონენტები დავადასტუროთ (გენოტიპური ან _ ლენცის ტერმინოლოგიით _ იდიოტიპური კონსტიტუცია), და, მეორეს მხრივ, გარეფაქტორებით პირობადებული _ პარატიპული კონსტიტუცია ან, როგორც ბაუერი იტყოდა, კონდიცია.

შინაგანი სეკრეცია

სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის, როგორც მთლიანობისთვის, მის შინაგან სითხეებს, სისხლსა და ლიმფას. ამ უკანასკნელთა საშუალებითაა, რომ ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის პროდუქტები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და მის შინაგან ქიმიკურ კავშირს, მის შინაგან მთლიანობას ქმნის. ამ სითხეების ქიმიკურ შემადგენლობაზეა მთელი ორგანიზმის კვება დამოკიდებული, და იმის მიხედვით, თუ როგორია მათი ქიმიკური ზემოქმედება, მთელი ორგანიზმის მდგომარეობა გარკვეულ ცვლილებას განიცდის: ორგანიზმის, როგორც მთლიანის, რაგვარობის დადგინებაში ჰუმორალური ფაქტორი(ჰუმორ _ სითხე) უდაოდ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
მაგრამ სისხლისა და ლიმფის შემადგენლობა და მათი ქიმიკური მოქმედება მარტო იმ პროდუქტებზე როდია დამოკიდებული, რომელსაც ორგანიზმი კვების გზით ღებულობს გარედან. დადასტურებულია, რომ თვითონ ორგანიზმის ზოგიერთი შინაგანი ორგანოც იმუშავებს პროდუქტებს, რომელნიც სისხლის შემადგენლობაში შედიან და ამ გზით მთელ ორგანიზმზე ახდენენ გავლეხას. ამ ორგანოებიდან უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით დიდ ყურადღება ე.წ. შინა სეკრეციის ჯირკვლების სისტემას ანუ ენდოკრინულ სისტემას აქცევენ. როგორც ჩანს, ორგანიზმის, როგორც მთლიანის, გასაგებად ენდოკრინული ფაქტორის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.
ორგანიზმში ჯირკვლების ორ ჯგუფს განასხვავებენ. პირველი ჯგუფისთვის ისაა დამახასიათებელი, რომ იგი ორგანიზმში შემუშავებულს, უმეტეს შემთხვევაში, მავნე პროდუქტებს სპეციალური სადინარების საშუალებით გარეთ გამოჰყოფს და ამგვარად მას ამ პროდუქტების მავნე ზეგავლენისგან ათავისუფლებს. ჯირკვლების ამ ჯგუფს გარე სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ (მათ რიცხვს ეკუთვნის, მაგალითად, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები, ოფლის ჯირკვლები). სულ სხვაგვარ სამსახურს უწევს ორგანიზმს ჯირკვალთა მეორე ჯგუფი. ამ ჯირკვლებს გარესადინარები არა აქვთ, და ამ მიზეზით ის პროდუქტები რომელთაც ისინი ამუშავებენ, შიგნივე რჩება, ორგანიზმში, გადადის სისხლში, ცვლის მის ქიმიზმს და ამ გზით მთელ ორგანიზმზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. ჯირკვლების ეს სისტემა შინა სეკრეციის ჯირკვლების სისტემის, ანდა ენდოკრინული სისტემის სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო მათ მიერ გამონაჟონი პროდუქტები ჰორმონების სახელწოდებით.
სხვადასხვა შინა სეკრეციის ჯირკველის ჰორმონი სხვადასხვა გავლენას ახდენს ორგანიზმზე:
1) მკერდუკანა ჯირკველის (ტჰყმუს) ჰორმონები ყველაზე უფრო ადრე იწყებენ ორგანიზმზე ზეგავლენის მოხდენას. ეს ჯირკვალი რომ ზრდადასრულებულ ცხოველს ამოვაცალოთ, მასში თითქმის ვერავითარ ცვლილებას ვერ დავადასტურებთ. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ორგანიზმში ამ ჯირკვლის ამოკვეთა ზრდის შეჩერებასა და ჩონჩხის რახიტულ დარღვევას იწვევს. საკმარისია მას მეორე ცხოველის მკერდუკანა ჯირკვალი გადავუნერგოთ, რომ ყველა ეს ავადმყოფური მოვლენა გაქრეს და ორგანიზმმა კვლავ ნორმალური ზრდა დაიწყოს. მაშასადამე, მკერდუკანა ჯირკვლის ჰორმონი ზრდისა და ძვალოვანი ჩონჩხის ნორმალური განვითარების ფაქტორად უნდა ჩაითვალოს.
2) ფარისებრივი ჯირკვლის ჰორმონი, ე. წ. თიროქსინი არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ეს ჯირკვალი ყელის წინა მიდამოებშია მოთავსებული და ხორხის გვერდებსა და წინა ნაწილს ფარავს. როცა მისი მოქმედება დაქვეითებულია (ჰიპოტონია), ორგანიზმი თვალსაჩინოდ იცვლება: ზრდის პროცესი ჩერდება, კვება ქვეითდება, გონება ჩლუნგდება. უკიდურეს შემთხვევაში ჩნდება ჩიყვიანობა და კრეტინიზმი. სპეციფიკური ანომალიები, რომელნიც მთლიანი ორგანიზმის თავისებურ დაავადებას წარმოადგენენ. ფარისებრივი ჯირკვლის ჰიპერტონია, ესე იგი, გაძლიერებული მოქმედება და აქედან წარმოშობილი სიჭარბე თიროქსინისა მთლიანი ორგანიზმის თავისებურს ავადმყოფურ ცვლილებებს იწვევს: ნერვული აგზნებადობის აწევას, ნივთიერებათა გაცვლა-გამოცვლის გაძლიერებას, ოფლიანობას, სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას… განსაკუთრებით მკაფიო გამოვლენას ეს სიმპტომები ე. წ. ბაზედოვის ავადმყოფობის შემთხვევაში პოულობენ, რომელიც, მაშასადამე, ფარისებრივი ჯირკვლის ჰიპერტონიის ნიადაგზე უნდა იყოს აღმოცენებული.
3) არანაკლებ თვალსაჩინო გავლენას ახდენს ორგანიზმზე ე. წ. ჰიპოფიზიც, ანუ ტვინის დანამატი, რომელიც ტვინის ფუძეზეა მოთავსებული, სწორედ მხედველობითი ნერვების ჯვარედინს ზემოთ. თუ რა გავლენას ახდენს იგი ორგანიზმზე, ესეც მისი ჰიპოტონიისა და ჰიპერტონიის შემთხვევებიდან ჩანს ნათლად. საკმარისია ორგანიზმს მისი ჰორმონი დააკლდეს, რომ ზრდის პროცესი შესატყვისად შენელდეს ან მოემატოს, რომ მან გიგანტური ზრდა იწყოს. ამჟამად ექსპერიმენტალური საბუთებიც მოიპოვება იმ აზრის სასარგებლოდ, რომ ჰიპოფიზი ორგანიზმის, ზრდის რეგულაციაზე ახდენს გადამწყვეტ გავლენას: ახალგაზრდა ცხოველს რომ ეს ჯირკვალი ამოუკვეთოთ, მისი ზრდა ორგანიზმის ყველა ნაწილებში შესატყვისად შენელდება; ასე, რომ საბოლოოდ პროპორცია ამ ნაწილებს შორის ჩვეულებრივი რჩება, ოღონდ სხეული ნორმალურ სიდიდეს ვერ აღწევს: ცხოველი თავისი გვარის პატარა ზომის წარმომადგენლის შთაბეჭდილებას ქმნის.
4) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში შენიშნული იქნა (ბროუნსეკარის მიერ), რომ სასქესო ჯირკვლებს ორმაგი ფუნქცია აქვთ როგორც გარე სეკრეციის, ისე შინა სეკრეციისაც. მაშინ როდესაც პირველი ორგანიზმის გამრავლების მიზანს ემსახურება, მეორე სპეციფიკურ ქიმიკურ პროდუქტებს ქმნის, რომელნიც სისხლში გადადიან და მისი საშუალებით მთელ ორგანიზმზე მძლავრ გავლენას ახდენენ. სასქესო ჯირკვლების ჰორმონების ზემოქმედება მთლიან ორგანიზმზე არაჩვეულებრივ ძლიერია და თვალსაჩინო. ყველა სქესობრივი თავისებურება, რომლითაც ქალისა და ვაჟის ორგანიზმი ურთიერთისგან განსხვავდება, სასქესო ჯირკვლების შინასეკრეტორულ გავლენას უნდა მიეწეროს. მამრობითი სქესის ცხოველს რომ დედრობითი სქესის ჯირკვლები გადაუნერგო და დედრობითს მამრობითის, ცხოველი საწინააღმდეგო სქესის ნიშნებს შეიძენს: მაგალალითად, მამალი დედალს დაემსგავსება და დედალი მამალს. საკვირველი არაა, რომ მთელი ორგანიზმის განახლების, გაახალგაზრდავების მიზნის განსახორციელებლად მედიცინაში სწორედ სასქესო ჯირკვლებს მიმართავენ. შტაინახისა და ვორონოვის გაახალგაზრდავების ცნობილი ცდები, რომელნიც ზოგჯერ, დროებით მაინც, არაჩვეულებრივ მძლავრ შედეგებს იძლევიან, სასქესო ჯირკვლების მთლიან ორგანიზმზე უღრმესი გავლენის ფაქტს ადასტურებენ.
გარდა აღნიშნული შინა სეკრეტორული ჯირკვლებისა, სხვებიც არსებობენ, რომელთა ინკრეტებიც (შინა გამონაჟონი) არანაკლებ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. უეჭველია, ორგანიზმის მთლიანობის ჩამოყალიბებაში შინა სეკრეციის ჯირკვლები განსაკუთრებით დიდ მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ. ამიტომ საკვირველი არაა, რომ ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ორგანიზმის მთელი კონსტიტუცია პირველ რიგში და განსაკუთრებით ამ ჯირკვლების ურთიერთ დამოკიდებულების ნაწარმოებს წარმოადგენს. მაგრამ უდაოა, რომ კონსტიტუციის ჩამოყალიბების საქმეში განსაკუთრებით დიდ როლს ნერვული სისტემაც ასრულებს.

ნერვული სისტემა

ცოცხალი ორგანიზმის ფილოგენეტური განვითარების გზაზე არცერთს მის მხარეს არ განუცდია ისეთი თვალსაჩინო ცვლილება, როგორიც ნერვულმა სისტემამ განიცადა. ამიტომ არაფერი ისე მკაფიოდ არ ახასიათებს ცოცხალი ორგანიზმის განავითარების დონეს, როგორც მისი ნერვული სისტემის მორფოლოგიური და ფუნქციონალური რაგვარობა. ეს გარემოება ადვილად აფიქრებინებს კაცს, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი მხარე ორგანიზმში, რომელიც ეგოდენ არსებითად იყოს მასთან, როგორც მთლიანთან, დაკავშირებული, როგორც ეს ნერვული სისტემის შესახებ უნდა ითქვას.
თანამედროვე მეცნიერებაში მოიპოვება მთელი რიგი ფაქტებისა, რომელიც სრულიად უდაოდ ხდის ამ დებულებას. იმისთვის, რომ ნათლად იქნეს გათვალისწინებული ის ფუძემდებელი როლი, რომელსაც ნერვული სისტემა ასრულებს ორგანიზმის, როგორც მთლიანის, ჩამოყალიბების საქმეში, ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ მას განვითარების თვალსაზრისით განვიხილავთ. უდავოა, რომ ის ნერვული სისტემა, რომელსაც ამჟამად მაღალ ცხოველებში ვხვდებით, თვალუწვდენელი წარსულიდან მომდინარე განვითარების შედეგს და ამ მიზეზით მორფოლოგიურად და ფუნქციონალურად უაღრესად გართულებულ აპარატს წარმოადგენს. ამიტომ უეჭველია, რომ ის ძირითადი როლი, რომელსაც მთლიანი ორგანიზმის მიმართ ნერვული სისტემა ასრულებს, უფრო თვალსაჩინოდ მისი ჩასახვისა და თანდათანობითი განვითარების დასაწყის საფეხურებზე უნდა იჩენდეს თავს, ვიდრე მისი განვითარების იმ საფეხურებზე, როდესაც იგი მრავალმხრივ გართულებულისა და დიფერენცირებული ორგანიზმის მიზნებს ემსახურება.
ორგანიზმსა და მის გარემოს შორის კავშირის დამყარება, ორგანიზმსა და მის გარემოს შორის ურიერთობის დადგინება, ყოველთვის ნერვული სისტემის უმთაერეს ფუნქციად ითვლებოდა. მაშასადამე, იმთავითვე იყო ნაგულისხმევი, რომ გარემოდან მომდინარე ზემოქმედება ნერვული სისტემის საშუალებით გადაეცემა ორგანიზმს, ისე როგორც, პირიქითაც, ორგანიზმის ზემოქმედება გარემოზე კვლავ ნერვული სისტემის დახმარებით ხდება. ამისდა მიხედვით, ნერვული სისტემა ორგვარი ელემენტებისგან შესდგება: იმ ელემენტებისგან ან ნერვული ბოჭკოებისგან, რომელნიც გარემოს ზემოქმედებას გადასცემენ ორგანიზს, და იმ ელემენტებისგან ან ნერვული ბოჭკოებისგან, რომელნიც, პირიქით, ორგანიზმიდან მომდინარე იმპულსებს გადასცემენ ამა თუ იმ მომუშავე ორგანოს, რომელიც თავის მხრივ შესატყვის ზეგავლენას ახდენს გარემოზე. ამრიგად, ნერვულ სისტემაში ორგვარ ნერვულ ორგვარ ნერვულ ბოჭკოებს განასხვავებენ: აფერენტულს (რეცეპტორულს, გრძნობიერს) და ეფერენტულს (მოტორულს, ეფექტორულს). მეტად თუ ნაკლებად რთული ორგანიზმის შემთხვევაში ნერვული ბოჭკოების ამ ორ სისტემას მესამე სისტემა, ე.წ. ცენტრალური ნერვული სისტემა, აერთიანებს: იგი აფერენტული გზით მიმდინარე იმპულსებს ღებულობს და ეფერენტულს გადასცემს; მაშასადამე, ორივე ამ სისტემის _ აფერენტულისა და ეფერენტულის _ ურთიერთობას და ამით ორგანიზმის გარემოსთან დამოკიდებულებას აწესრიგებეს.
სიცოცხლის პრიმიტულ საფეხურებზე მდგომარეობა სხვაგვარად უნდა წარმოვიდგინოთ. ერთუჯრედოვანი ორგანიზმიც ცოცხალი არსებაა, და როგორც ასეთი, იგიც ერთგვარ ურთიერთობაში იმყოფება თავის გარემოსთან, ესე იგი, გარემოდან მომდინაოე იმპულსებს ღებულობს და მათ ამა თუ იმ მოძრაობით ანუ რეაქციით უპასუხებს. მაშასადამე, ფუნქციონალურად ძირითადში იგი ნერვული სისტემის მქონე ორგანიზმისგან არაფრით არ განსხვავდება, მაგრამ მორფოლოგიურად ნერვული სისტემის მას სრულიად არაფერი გააჩნია. ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. იგი გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის დასაწყის საფეხურზე გარემოს ზემოქმედება ორგანიზმზე და ორგანიზმის გარემოზე რომელიმე მისი სპეციალური ნაწილის _ ნერვული ელემენტების _ საშუალებით როდი ხდება, არამედ მთელი ორგანიზმის საშუალებით: უდავოა, რომ ნერვული სისტემის ფუნქციას აქ მთელი ორგანიზმი ასრულებს.
განვითარების ცოტა უფრო მაღალ საფეხურზე (მაგალითად, ჭიათა სამკვიდროში) მდგომარეობა იცვლება. აქ უკვე ორგანიზმის მორფოლოგიური შემადგენლობა შედარებით უფრო რთული ხდება, და იმ უჯრედთა შორის, რომელნიც სხეულის გარე საფარს წარმოადგენენ, ჩვენ ისეთებსაც ვხვდებით, რომელნიც დანარჩენებისგან სტრუქტურითაც განსხვავდებიან და ფუნქციითაც, და ამ შემთხვევაში ჩვენ უდაოდ ნერვული ელემენტის ჩანასახთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ნერვული ელემენტი ჯერ კიდევ სრულიად მოკლებულია ფუნქციონალურ დიფერენციაციას: არ შეიძლება ითქვას, რომ იგი ან მარტო აფერენტული ბოჭკოს როლს ასრულებდეს ან მარტო ეფერენტულისას. მასში ჯერ კიდევ ორივე ფუნქციაა გაერთიანებული. იგი რეცეპტორიც არის და ეფექტორიც ერთსადაიმავე დროს.
განვითარების შემდეგ საფეხურზე რეცეპტორული და ეფექტორული ფუნქცია უკვე ცალკე უჯრედებს შორის ნაწილდება: ერთი უჯრედი რომ გარე გაღიზიანებას ღებულობს, მეორე ამის საპასუხოდ რაიმე რეაქციას იძლევა; მაგრამ განვითარების ამ საფეხურისთვის დამახასიათებელი ისაა, რომ ამ უჯრედებს შორის, აფერენტულსა და ეფერენტულს შორის, ჯერ კიდევ არავითარი შუამავალი არ ჩანს. აფერენტული უჯრედი პირდაპირ ეხება თავის შინა ზედაპირით ეფერენტულს და ასე გადასცემს მას იმპულსს.
იმპულსების გადასაცემი სპეციალური აპარატის _ ცენტრალური ნერვული სისტემის _ ჩანასახი განვითარების მხოლოდ შემდგომ საფეხურებზე ჩნდება: მგრძნობიერსა და მამოძრავებელ უჯრედებს შუა ახალი ნერვული ელემენტები ჩაერთვის, რომელნიც თავის თავზე მხოლოდ იმპულსების გადაცემის ფუნქციას ღებულობენ და ამრიგად ცენტრალური აპარატის როლს ასრულებენ.
ნერვული სისტემის განვითარების ყველა ამ საფეხურისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი ისაა, რომ იგი როგორც მორფოლოგიურად, ისე ფუნქციონალურაღაც ნამდვილ დიფუზიურ სისტემას წარმოადგენს. ნერვული ელემენტები ფართოდ არიან გაბნეული მთელ ორგანიზმში და ისე მჭიდროდ უკავშირდებიან ურთიერთს თავისი მორჩებით, ისე არიან ერთმანეთში გადახლართულნი, რომ მათ შორის საზღვრის მონახვა შეუძლებელი ხდება. ერთი სიტყვით, თითოეული ცალკე ელემენტი განუსაზღვრელ კავშირში იმყოფება ყველა დანარჩენ ელემენტთან, და მთელი სხეული ერთ განუყოფელ მთლიანადაა შეკრული. თავისთავად იგულისხმება, ნერვული სისტემის ასეთ დიფუზიურ აღნაგობას ფიზიოლოგიური მოქმედებაც შესაფერისი ექნება. საკმარისია სხეულის ერთ რომელსამე ნაწილზე რაიმე გამღიზიანებელმა იმოქმედოს, რომ საპასუხოდ მთელი ორგანიზმის მამოძრავებელი აპარატის რეაქცია მივიღოთ: ყოველი გაღიზიანება მთელი ორგანიზმის დიფუზიურ რეაქციას იწვევს.
მაშასადამე, მიუხედავად ცალკე სპეციალური ელემენტების _ ნერვული ელემენტებისა და სისტემის _ გაჩენისა, ორგანიზმი ჯერ კიდევ მხოლოდ როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზეგავლენას: ორგანიზმის ცალკე ორგანოთა და მამოძრავებელი აპარატის ცალკე ნაწილთა შორის ჯერ კიდევ არავითარი განსხვავება, არავითარი დიფერენციაცია არ ჩანს. ეს ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.
განვითარების შემდგომ საფეხურებზე სწორედ ეს დიფერენციაციის პროცესი დგება პირველ რიგში. ჯერ ჩნდება ე. წ. კვანძოვანი ნერვული სისტემა: ორგანიზმის განსაზღვრულ ადგილებზე ნერვულ ელემენტთა მეტად თუ ნაკლებად კონცენტრირებული ჯგუფები იყრიან თავს, და ამნაირად ცალკეულ ნერვულ კვანძებს ქმნიან. მიუხედავად ასეთი მორფოლოგიური დიფერენციაციისა, კვანძოვანი ნერვული სისტემა ფიზიოლოგიურად არსებითად მაინც ისევ დიფუზიური რჩება: გარეგამღიზიანებელი ან მთელი მამოძრავებელი აპარატის დიფუზიურ რეაქციას იწვევს, ანდა საუკეთესო შემთხვევაში, რომელიმე მთლიანი სისტემისას (მაგალითად, შინა ორგანოების მთელი სისტემისას, პერიფერიული კუნთების მთელი სისტემისას).
შემდეგ საფეხურზე ნერვული სისტემის დიფერენციაციის საქმე განსაკუთრებით თვალსაჩნოდ მიიწევს წინ. ჩნდება ე. წ. ძეწკვოვანი ნერვული სისტემა, ნერვული სისტემის განვითარების ერთერთი მაღალი ფორმა; აქ სხეულის თითოეულს სეგმენტში საკუთარი ნერვული აპარატი ვითარდება, რომელიც მას დანარჩენი სეგმენტებისგან სრულიად დამოუკიდებელი მოქმედების შესაძლებლობას აძლევს . ორგანიზმი ცალკე ერთეულებად (სეგმენტებად) იყოფა, და ის, რაც ერთს მის სეგმენტში ხდება, მეორეს თითქოს სრულიად არ ეხება. მაგრამ ძეწკვოვანი ნერვული სისტემის აგებულების ზუსტი შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ეს სულ ასე არაა, რომ მას მარტო ცალკეული ნერვული კვანძები როდი აქვს, რომელნიც ცალკე სეგმენტების დამოუკიდებელ ნერვულ აპარატებს წარმოადგენენ და მთელ ორგანიზმს მტკიცე სეგმენტარულ აღნაგობას აძლევენ, მას ისეთი ნერვული ელემენტების სისტემაც აღმოაჩნდა, რომელიც ყველა სეგმენტის ნერვულ კვანძებს ურთიერთს უკავშირებს და ერთ მთლიან ნერვულ სისტემად აერთიანებს.

http://burusi.wordpress.com/2010/03/04/dimitri-uznadze-3/

Комментариев нет:

Отправить комментарий