суббота, 29 мая 2010 г.

ღრმა დეპრესია




რა არის ღრმა დეპრესია?
ღრმა დეპრესია არის სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელმაც მოიცვა 15 მილიონი ზრდასრული ამერიკელი ანუ, მოცემული წლის მონაცემებით, მოზრდილი მოსახლეობის დაახლოვებით 5 - 8 %. სევდის, დანაკარგის, გუნება-განწყობილების მომენტალური ცვალებადობის ნორმალური ემოციური გამოცდილებისაგან განსხვავებით, ღრმა დეპრესია წარმოადგენს სტაბილურ მდგომარეობას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პიროვნების აზრებზე, ქცევაზე, გუნება - განწყობილებაზე, ქმედებებზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ყველა სამედიცინო დაავადებათა შორის, ღრმა დეპრესია ძირითადი მიზეზია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა აშშ-ში და მრავალ სხვა განვითარებულ ქვეყანაში.
დეპრესია ორჯერ უფრო ხშირად ვითარდება ქალებში, ვიდრე კაცებში, და ამის მიზეზები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დადგენილი. იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელსაც ოდესმე განუცდია დეპრესიის ერთი ეპიზოდი მაინც, აგრძელებს ამგვარი ეპიზოდების პერიოდულად განვითარებას; ეს ეპიზოდები თავს იჩენენ გარკვეული სიხშირით, კერძოდ, წელიწადში ერთხელ ან ორჯერაც კი. მკურნალობის გარეშე, დეპრესიული დაავადების სიხშირე, ისევე როგორც სიმპტომთა სიმძიმე, იმატებს დროთა განმავლობაში. მკურნალობის გარეშე დატოვებულმა დეპრესიამ, შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიგვიყვანოს.
ღრმა დეპრესია, ასევე ცნობილი როგორც კლინიკური დეპრესია ან უნიპოლარული დეპრესია, წარმოადგენს დეპრესიული აშლილობის მხოლოდ ერთ ტიპს. სხვა დეპრესიული აშლილობები მოიცავს დისთიმიას (ქრონიკულ, ნაკლებად მძიმე დეპრესიას) და ბიპოლარულ დეპრესიას (ბიპოლარული აშლილობის ანუ მანიაკალური დეპრესიის დეპრესიულ ფაზას). ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ დეპრესიაც და მანიაც. მანია იწვევს უჩვეულო და სტაბილურად ამაღლებულ განწყობას ან გაღიზიანებადობას, საკუთარი ღირსების გაზვიადებულ გრძნობას, მოჭარბებულ ენერგიას, აზრებს და საუბარს.

რას წარმოადგენს ღრმა დეპრესიის სიმპტომები?
ღრმა დეპრესიის პირველი ეპიზოდი შეიძლება არ იყოს გამოკვეთილი, თუ ის თანდათანობით ვითარდება ან მსუბუქია. ღრმა დეპრესიის სიმპტომები ჩვეულებრივ წარმოგვიდგენს მნიშვნელოვან ცვლილებებს პიროვნების დაავადებამდე ფუნქციონირებათან შედარებით. დეპრესიის სიმპტომები მოიცავს:
• სტაბილურად სევდიან ან გაღიზიანებულ განწყობას
• ძილის, მადის და ენერგიის მკვეთრად გამოხატულ ცვლილებებს
• აზროვნების, კონცენტრაციის და გახსენების სირთულეს
• ფიზიკურ უხალისობას, ან ზედმეტ აგზნებადობას
• ინტერესის ნაკლებობას ან სიამოვნების მიღების შეუძლებლობას იმ საქმიანობისაგან, რომელიც ადრე სასიამოვნო იყო
• დანაშაულის, უსარგებლობის, უიმედობის და სიცარიელის განცდას
• პერიოდულად განმეორებად აზრებს სიკვდილისა და თვითმკვლელობის შესახებ
• სტაბილურ ფიზიკურ სიმპტომებს, რომლებიც არ ემორჩილებიან მკურნალობას, მაგალითად, თავის ტკივილებს, მონელებასთან დაკავშირებული აშლილობებს და ქრონიკულ ტკივილებს.
როდესაც ამ დეპრესიული დაავადების სიმპტომთაგან რამდენიმე ერთი და იმავე დროს ჩნდება, გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს, და ართულებს ჩვეულ ფუნქციონირებას, აუცილებელია პროფესიონალური მკურნალობა.

რა არის ღრმა დეპრესიის მიზეზები?
არ არსებობს ღრმა დეპრესიის გამომწვევი მხოლოდ ერთი მიზეზი. ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორებს გარკვეული წვლილი მიუძღვით მის განვითარებაში. როგორიც უნდა იყოს დეპრესიის სპეციფიური მიზეზები, სამეცნიერო კვლევებმა მტკიცედ დაადგინეს, რომ ღრმა დეპრესია წარმოადგენს ბიოლოგიურ, სამედიცინო ხასიათის დაავადებას.
ნორეფინეფრინი, სეროტონინი და დოპამინი – ესაა სამი ნეირომედიატორი (ნეიროტრანსმიტერი – ქიმიური ინფორმაციის გადამტანი, რომელსაც გადააქვს ელექტროსიგნალები ტვინის სხვადასხვა უჯრედებს შორის), რომლებსაც ღრმა დეპრესიასთან კავშირში მოიაზრებენ. მეცნიერებს სჯერათ, რომ თუ არსებობს ქიმიური დისბალანსი მოცემულ ნეირომედიატორებში, სწორედ ამის შედეგია დეპრესიის კლინიკურ მდგომარეობა. ანტიდეპრესანტული მედიკამენტები მოქმედებენ ნეირომედიატორების სამუშაო უნარის გაძლიერებაზე ან მოცემული ქიმიური გადამტანების რეცეპტორების სენსიტიურობის შეცვლაზე.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ღრმა დეპრესიისადმი გენეტიკური მიდრეკილების დამადასტურებელი მტკიცებულება. არსებობს დეპრესიის განვითარების მზარდი რისკი, თუკი დაავადებას გარკვეული ისტორია აქვს ოჯახში. ყველა, ვისაც ამგვარი გენეტიკური მიდრეკილება გააჩნია, არ ავადდება დეპრესიით, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს ისეთი ბიოლოგიური სტრუქტურა, რომელიც მას განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის დეპრესიის განვითარების მიმართ. ცხოვრებისეულმა მოვლენებმა, ისეთმა როგორსაც წარმოადგენს საყვარელი ადამიანის სიკვდილი, მნიშვნელოვანი დანაკარგი ან ცვლილება, ქრონიკული სტრესი, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება, შეიძლება მოახდინონ დეპრესიული ეპიზოდების პროვოცირება. ზოგიერთმა დაავადებამ, მაგალითად, გულის დაავადებებმა და კიბომ და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული ეპიზოდები. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბევრი დეპრესიული ეპიზოდი ჩნდება სპონტანურად და არ არის გამოწვეული ცხოვრებისეული კრიზისით, ფიზიკური დაავადებებით ან სხვა რისკის ფაქტორებით.
როგორ მკურნალობენ ღრმა დეპრესიას?
იმისდა მიუხედავად, რომ ღრმა დეპრესია შეიძლება გამომფიტავი დაავადება იყოს, ის ძალიან კარგად ემორჩილემა მკურნალობას. ღრმა დეპრესიით დიაგნოსტირებული ადამიანებიდან 80-დან 90 პროცენტის ეფექტური განკურნება შესაძლებელია, ისინი შეიძლება დაუბრუნდნენ ყოველდღიურ აქტივობას და დაიბრუნონ საკუთარი გრძნობები. მკურნალობის უამრავი სახეობაა ხელმისაწვდომი, და მკურნალობის შერჩეული სახე დამოკიდებულია თვითონ პიროვნებაზე და მისი დაავადების სიმძიმესა და ხასიათზე. არსებობს სამი მტკიცედ დადგენილი ტიპი დეპრესიის მკურნალობისა: მედიკამენტოზური, ფსიქოთერაპიული და ელექტროშოკური თერაპია (ECT). ზოგიერთი ადამიანისათვის, რომელსაც დერპესიის სეზონური კომპონენტი ახასიათებს, შესაძლებელია მსუბუქი თერაპიული კურსი იყოს სასარგებლო. ამგვარი მკურნალობა შეიძლება გამოიყენებოდეს ცალკე ან კომბინირებულად. დამატებით, თანაბარ მდგომარეობაში მყოფთა განათლება და მხარდაჭერა შეიძლება ასევე დაგვეხმაროს გამოჯანმრთელებაში. ყურადღებამ ცხოვრების წესის მიმართ, დიეტის, ვარჯიშისა და მოწევისათვის თავის დანებების ჩათვლით, შესაძლებელია შედეგად გამოიღოს ჯანმრთელობის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის, უკეთესი მდგომარეობა.

მედიკამენტოზური მკურნალობა
ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ ანტიდეპრესანტებმა იმოქმედონ, საჭიროა 2- 4 კვირა, და 6 – 12 კვირა იმისათვის, რომ ანტიდეპრესანტმა მოგვცეს სრული შედეგი. პირველი ანტიდეპრესანტული პრეპარატები შემოღებულ იქნა 1950-იან წლებში. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ დისბალანსი ნეირომედიატორებში, როგორსაც სეროტონინი, დოპამინი და ნორეპინეფრინი წარმოადგენენ, შესაძლებელია გამოსწორდეს ანტიდეპრესანტების საშუალებით. დეპრესიისათვის ყველაზე ხშირად ნიშნავენ ანტიდეპრესანტური საშუალებების ოთხ ჯგუფს:
მომხმარებლები და მათი ოჯახები ფრთხილად უნდა იყვნენ მედკამენტოზური მკურნალობის ადრეულ საფეზურებზე, რადგანაც ენერგიის ნორმალური დონე და მოქმედების უნარი ავადმყოფს ხშირად უბრუნდება მანამ, სანამ გუნება -განწყობილება გამოუსწორდება. ამ დროს, როდესაც გადაწყვეტილება უფრო ადვილი მისაღებია, მაგრამ დეპრესია კვლავაც მძიმეა – სუიციდის რისკი შესაძლებელია დროებით გაიზარდოს.
• ფსიქოთერაპია. არსებობს ფსიქოთერაპიის რამდენიმე ტიპი, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდა დეპრესიის დროს, ესენია კოგნიტურ–ბიჰევიორული თერაპია (CBT) და ინტერპერსონალური თერაპია (EPT). კვლევამ გვიჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი დეპრესიის წარმატებული მკურნალობა შეიძლება ხშირად რომელიმე ამ თერაპიის ცალკე გამოყენებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ მძიმე დეპრესია უფრო მეტად ექვემდებარება ფსიქოთერაპიისა და მედიკამენტოზური მკურნალობის კომბინირებულ კურსს.
• კოგნიტურ – ქცევითი თერაპია (CBT) – ეხმარება დაავადებულს ნეგატიური აზროვნებისა და დეპრესიასთან ასოცირებული არადამაკმაყოფილებელი ქცევის შეცვლაში, და ამასთან ერთად ასწავლის ადამიანებს, როგორ გადაეჩვიონ იმ ქცევით პატერნებს, რომლებიც ხელს უწყობენ მათ დაავადებას.
• ინტერერსონალური თერაპია (IPT) – ფოკუსირდება უსიამოვნების გამომწვევ პიროვნული ურთიერთობების გამოსწორებასა და იმ ახალ ცხოვრებისეულ როლებთან ადაპტაციაზე, რომელიც შეიძლება ასოცირებული ყოფილიყო პიროვნების დეპრესიასთან.
• ელექტროშოკური თერაპია (ECT). ECT მძიმე დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობისათვის მაღალეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. სიტუაციაში, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა, ფსიქოთერაპია და ამ ორი ტიპის მკურნალობის კომბინაცია არაეფექტურია ან ძალზე ნელა მიმდინარეობს, რომ შეასუსტოს მძიმე სიმპტომები, ისეთები როგორიცაა ფსიქოზები ან სუიციდური აზრები, შეიძლება მსჯელობა ECT- ს მიზანშეწონილობაზე. ECT შეიძლება ასევე განვიხილოთ მათთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ იღებს ანტიპერესანტულ პრეპარატებს.

რას წარმოადგენს დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების გვერდითი ეფექტები?
სხვადასხვა პრეპარატი წარმოშობს სხვადასხვა გვერდით ეფექტს, და ადამიანებიც განსხვავდებიან ამა თუ იმ პრეპატარებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების ხასიათითა და სიმძიმით. დაახლოვებით 50 პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, განიცდიან გვერდული ეფექტების მოქმედებას, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირებში. გვერდითი ეფექტები, რომლებიც განსაკუთრებით შემაწუხებელია, შეიძლება ხშირად განიკურნოს მედიკამენტების დოზირების შეცვლით, სხვა პრეპარატებზე გადართვით ან დამატებითი პრეპარატებით უშუალოდ გვერდითი ეფექტების მკურნალობით. იშვიათად, შეიძლება საქმე გვქონდეს ისეთ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, როგორიცაა გულისწასვლა, გულის პრობლემები ან პაროქსიზმი (ეპილეფსიური შეტევა), მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის ექვემდებარება მკურნალობას.
• სამციკლიანი ანტიდეპრესანტები (TCA) იწვევენ გვერდით ეფექტებს, რომელებიც მოიცავენ პირის სიმშრალეს, შეკრულობას, შარდის ბუშტის პრობლემებს, სექსუალურ პრობლემებს, გაბუნდოვანებულ ხედვას, თავბრუსხვევას, ძილქუშის მგომარეობას, კანზე გამონაყარს და წონის მატებას ან დაკლებას.
• მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორები (MAOI). პირები, რომელებიც იღებენ MAOI-ს, ფრთხილად უნდა იყვნენ გარკვეული სახის შებოლილი ან დამწნილებული საკვების მიღებისას, გარკვეული სახის სასმელების ან პრეპარატების ხმარებისას, რადგანაც მათ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მაღალი წნევა გარკვეულ მედიკამენტებთან კომბინაციაში. მთელი რიგი ნაკლებად სერიოზული გვერდითი ეფექტები მოიცავს წონაში მატებას, შეკრულობას, პირის სიმშრალეს, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, ძილქუშის მდგომარეობას, უძილობას და სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ პრობლემებს (კერძოდ, აღგზნებასთან და დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს).
• SSRI-ს და SNRI-ს ნაკლები და განსხვავებული გვერდითი ეფექტები ახასიათებთ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა გულისრევა, ნევროტულობა, უძილობა, კუჭის აშლა, გამონაყარი, აგზნებადობა ან სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ პრობლემები (კერძოდ, აღგზნებასთან ან ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები).
• ბუპროპიონი, როგორც წესი, იწვევს უფრო ნაკლებად გავრცელებულ გვერდით ეფექტებს, ვიდრე TCA-ს და MAOI-ს. მისი გვერდითი ეფექტები შეიცავს მოუსვენრობას, უძილობას, თავისტკივილს ან თავის ტკივილების გაუარესებას ადრინდელ მდგომარეობასთან შედარებით, კანკალს (ტრემორს), პირის სიმშრალეს, აგზნებას, დაბნევას, გულისცემის აჩქარებას, თავბრუსხვევას, გულისრევას, შეკრულობას, მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებულ ჩივილებს და გამონაყარს.

მიმოხილვა შედგენილია ფსიქიკურ დაავადებათა ეროვნული ალიანსის სამედიცინო (NAMI) დირექტორის, მედიცინის მეცნირებათა დოქტორის - დენ დაკუორთის მიერ, 2006 წლის სექტემბერი
მასალის წყარო: www.nami.org

Комментариев нет:

Отправить комментарий